ვეფხისტყაოსანი, 1941 წ.

423. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია; ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

424. “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით,– არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

425. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლა და კვლაცითა”.

426. “მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

427. “მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს, წაცავე, დავყარენ სპანი ყველანი, დავჰვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”

428. “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღნობა ამისთანისა”.

429. “კვლაცა ეთქვა: “მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.

430. “მუნით წასრული ჩამოვჰხე ტევრისა რასმე კიდესა; კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა; წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა. “შენსა ნახვასა მეფენი,” თქვეს, “მართლად ინატრიდესა”.

431. “მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

432. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების: ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების.

433. “მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

434. “რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ, აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ

435. “მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

436. “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია: “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.

437. “არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია! მაგრა სპათაკე გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია, შევსთვალე: “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

438. “მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე; რამაზს ჰკადრეთ: “მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!

439. “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე”. მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

440. “ვთქვი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან! ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?

441. “ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

442. “მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.