ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

404. “მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

405. “თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

406. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარიით და ფიცითა. გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

407. “წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! მაგრა რა ვქნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე? გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.

408. “მოვახსენე: “არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად, შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

409. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირს-ა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

410. “ზედა წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა; მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა”.

411. “დავყავ ხანი მას წინაშე, ერთმანერთსა ვეუბენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

412. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი

413. დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიძრახავს სრდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

414. “დავაგდე მზღვარი ინდოთა; მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენი თხანია”.

415. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; მითხრეს: “გკადრებს, ,, ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

416. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია; თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია; ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია; შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

417. “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით; მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ გლახ, ენით: არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, — არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

418. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა; გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლა და კვლაცითა”.

419. “მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები; შევსთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები; სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

420. “მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი, დავვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”.

421. “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა”.

422. “კვლაცა ეთქვა: “მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი, ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი”.