ვეფხისტყაოსანი, 1938 წ.

405. “შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა,- “ბედი ჩემი უბედური, – ვთქვი, თუ, – ჯერთცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

ტარიელისა და ნესტანის პირისპირ შეყრა

406. მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა; ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

407. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

408. “შემავლო სახლი. ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

409. “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად. მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად, ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

410. “უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა. დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა; მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა.

411. “მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

412. “თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

413. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა. გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

414. “წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე, გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.

415. “მოვახსენე: “არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად, მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად, შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად, აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

416. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

417. “ზედა წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა; მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა: “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა”.

418. “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

419. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბადახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა; ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი

420. დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატაეთს, ვერვინ მიძრახავს მხდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

421. “დავაგდე მზღვარი ინდოთა; მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენი თხანია”.

422. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი; მითხრეს: “გკადრებს, – ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.