ვეფხისტყაოსანი, 1957 წ.

387. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი; მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.

388. “ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

389. “კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები; აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

390. “პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი; ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი”.

ნესტანისაგან ტარიელის ხმობა

391. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

392. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

393. “ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.

394. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

395. “დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

396. “ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

397. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

398. “მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ-დანამალსა”.

399. “შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა”.

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად

400. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია; სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია?

401. “მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა; გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუმცა ვჰნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა”.

402. “ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია: იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

403. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

404. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.