ვეფხისტყაოსანი, 1960 წ.

370. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო: “ინახვისა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

371. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შართი” – ვუთხარ, – “ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

372. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის- მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”

373. “შევე, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა; ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა; ვარქვი: “მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?” მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

374. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა: გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა, მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა. ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა”.

375. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის ვისცა უთქმნევია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

376. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

377. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!

378. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

379. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!

380. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალოდა! გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალვოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა

381. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

382. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები; ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რაცაღაა სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები”.

383. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; და-ცა-მვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

384. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა; მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

385. “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

386. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა; დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შევე დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა ხატაელთანა