ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

369. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩენ , ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

370. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!

371. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

372. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე, მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

373. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა; ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალოდა; გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

374. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

375. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რაცაღაა სამსახურსა, ვტყუი, თუღა ვერიდები”.

376. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; და-ცა-მვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

377. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა; მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

378. “ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

379. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა; დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შევე დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა

380. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი; მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი, ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

381. “ჩვენნო ძმაო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

382. “კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები; აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

383. “პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი; ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი”.

ნესტანისაგან ტარიელის ხმობა

384. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა საქმე დაფარული.

385. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!