ვეფხისტყაოსანი, 1987 წ.

311. ,,ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა. მეფედ რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა; სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

312. ,,თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: ,,ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

313. ,,ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა; ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემან თქვა: ,,შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

314. ,,მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

315. ,,ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემნი მნახავნი: ,, მსგავსია ედემს ზრდილისა.” აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

316. ,,მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: ,,შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი; თქვა: ,,მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

317. ,,ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

318. ,,საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

319. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა მურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა; თქვა: ,,ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ -ა.

320. ,,მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!

321. ,,იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს; რა შევიქმენ ამა ზომსა, ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

322. ,,მეფემან კოშკი ააგო, შიგან საყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა, პირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

323. ,,დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

324. ,,სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

325. ,,თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

326. ,,მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან, მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბალახშეულმან!

327. ,,მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა, ვიშისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა– ხსენება იშისა.

328. ,,მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: ,,შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

329. ,,ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: ,,შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა”.

330. ,,ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; უკანით გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა. შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.