ვეფხისტყაოსანი, 1982 წ.

233. “ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მომითმენიან; ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან; შენ მიპოვნიხარ; სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან, ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან”.

234. ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო? მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო; გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო: ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდა, იგი ქმენო!”

235. კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა, მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა; პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა, ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

236. ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო? რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო? გიჯობს, მითხრა, ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო, თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!”

237. ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი: თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი; რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი? კვლა თუ მომკლა, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი”.

238. კვლა ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

239. “ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია, მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია; ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია. ვერ გიცნობ; ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?”

240. ყმამან თქვა თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა”. გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა; ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!”

241. ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია; ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია; ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია. კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

242. ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა, მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა; ყმამან ცნა თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა”. ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

243. უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად; გაგარისხე, დარჩომილვარ ღარიბად და ამად ობლად; აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად, ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

244. “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე, მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე; სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე; სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”

245. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება, გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება; კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება. ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

246. იტყვის თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების, ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”. კვლა უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების, ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

247. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად; ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად; ღრუბელიცა ვერ მიხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად; გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.

248. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე; ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე, ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.

249. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი; წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

250. “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე, არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე; არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნიე, დაგაღონე; შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

251. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები; თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა მილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები”.

252. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა: ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იზახის ვაგლახ-ვასა.